„მიკროდერმას“ უპრეცედენტო რეკორდი ხალების დიაგნოსტიკაში

„მიკროდერმას“ უპრეცედენტო რეკორდი ხალების დიაგნოსტიკაში

2025 წლის 7 ივნისს, ზუსტად 21:00 საათზე, დერმატოლოგიური კლინიკა „მიკროდერმას“ ორგანიზებით თბილისში დაიწყო მასშტაბური სამედიცინო კამპანია, რომელიც ზუსტად 24 საათს გაგრძელდა და მსოფლიო რეკორდის დამყარებით დაგვირგვინდა.

ღონისძიების მთავარი გმირი იყო ექიმი დერმატოლოგი ჯანსუღ ვერულაშვილი, რომელმაც 24 საათის განმავლობაში 363 ადამიანს ჩაუტარა ხალის კომპიუტერული დიაგნოსტიკა, მელანომის პრევენციის მიზნით. სკრინინგის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას თან ახლდა სამედიცინო პერსონალის კოორდინირებული მხარდაჭერა. ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული კლინიკა „მიკროდერმას“ გუნდი, რომლის საქმიანობას ხელმძღვანელობდა სამედიცინო მრჩეველი, ექიმი გიორგი არველაძე.

პროექტის ფარგლებში,მონაწილეებს სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ გამოკვლევა, გარდა ამისა თითოეულ მათგანს გადაეცა მსოფლიო რეკორდის მონაწილეობის სერტიფიკატი, რამაც მათი გამოცდილება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადა. ყველა სერტიფიკატი უკვე შეტანილია ფედერაციის მონაცემთა ბაზაში და მისი გადამოწმება უკვე ონლაინ-რეჟიმში შეიძლება.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი ქართული რეკორდი სამედიცინო სფეროში, რაც კიდევ უფრო უნიკალურს ხდის ამ ინიციატივას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკრინინგის შედეგად ექიმებმა 3 პაციენტს კანის კიბოს საწყისი სტადია დაუდგინეს. მათი დროული აღმოჩენა შეიძლება თამამად ჩაითვალოს სამი სიცოცხლის გადარჩენად.

რეკორდის დამყარების მთელ პროცესს აკვირდებოდა საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია, რომელმაც ადგილზე დაარეგისტრირა რეკორდი. ფედერაცია ულოცავს კლინიკა “მიკროდერმას” და მის გუნდს მიღწეულ წარმატებას, რამდენადაც ეს რეკორდი არამხოლოდ რაოდენობრივი შედეგია, არამედ სამედიცინო პროგრესის, ინოვაციის, სოციალური პასუხისმგებლობისა და ადამიანური ზრუნვის თვალსაჩინო მაგალითი.

გახდი რეკორდსმენი!

ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული უნარი, რომელიც გამოარჩევს მას სხვებისგან. აღმოაჩინე შენი შესაძლებლობები, გახდი რეკორდსმენი და გააცანი თავი მსოფლიოს!