საქართველოს რეკორდების ფედერაციამ მორიგი რეკორდსმენი გამოავლინა – 28 წლის გიგი ყიფშიძემ ეს ტიტული ჰანტელებით ვარჯიშით მოიპოვა. ღონისძიება 30 ივლისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სპორტულ კომპლექსში ჩატარდა.
რეკორდის მიზანი იყო უმძიმესი ტვირთის აწევა ჰანტელებით ვარჯიშით, შეუსვენებლად. გიგი ყიფშიძემ ორი ცალი 5-კილოგრამიანი ჰანტელით 10,000 მოძრაობა შეასრულა და საერთო ჯამში 50,000 კილოგრამი დააფიქსირა. რეკორდის დასამყარებლად მას ზუსტად 1 საათი, 34 წუთი და 27 წამი დასჭირდა.
ღონისძიებას, გულშემატკივრებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა – ზაზა გულიაშვილმა სპორტსმენს წარმატება მიულოცა და ფულადი პრიზით დააჯილდოვა.
გიგი ყიფშიძე 1993 წლის 18 ივნისს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში დაიბადა. წარსულში სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული არ ყოფილა. მისთვის ეს რეკორდი პირველია, თუმცა ვარჯიშს აგრძელებს და მომავალში ახალი რეკორდების დამყარებას აპირებს.