ქართველმა მსჯავრდებულმა, 42 წლის პაატა ბერიკაშვილმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა – მან ორი ცალი 22-კილოგრამიანი ჰანტელი გაშლილი მკლავებით მხრების სიმაღლეზე (ე.წ. Dumbbell Front Raise) წუთში 37-ჯერ აწია და მრავალგზის გინესის რეკორდსმენის – ირლანდიელი იმონ კინის შედეგი გააუმჯობესა.
ღონისძიება 2 სექტემბერს, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა. რეკორდის დამყარების პროცესს დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯთა კომისია აკვირდებოდა.
ირლანდიელი სპორტსმენის შედეგის გასაუმჯობესებლად, ბერიკაშვილს ჰანტელებით წუთში 1215 კილოგრამზე მეტის აწევა უნდა მოესწრო, თუმცა მიზანს 413-კილოგრამიანი სხვაობით გადააჭარბა და 1628 კილოგრამი დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, საქართველოს რეკორდების ფედერაცია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან 2013 წლიდან თანამშრომლობს. ამ პერიოდის განმავლობაში, გამოვლენილი ყავს 5 მსოფლიო რეკორდსმენი 4 სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და და დარეგისტრირებული აქვს 12 მსოფლიო რეკორდი.